ტერორისტული აქტი ზუგდიდში

"ჩაბარდი პოლიციას, ყველაფერი გაირკვევა" — ბადრი ესებუას მამის მიმართვა

0 კომენტარი

ტარიელ ესებუა, ბადრი ესებუას მამა, შვილს მიმართავს, რომ პოლიციას ჩაბარდეს, ან ოჯახს დაუკავშირდეს. მიმართვას კვირა ავრცელებს.

"შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ. არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი არ ვიცით, შენი ადგილსამყოფელი. თუ რამე შეგიძლია ან კომუნიკაცია არ გაქვს, ჩვენც არ გვაქვს კომუნიკაცია. გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვთ, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი. ან დაგვიკავშირდი, ან ჩაბარდი პოლიციას. ეს არის ჩემი სათქმელი." - ამბობს ტარიელ ესებუა. 

ტარიელ ესებუა 27 ოქტომბერს ამბობდა, რომ ბადრი ესებუა უდანაშაულოა და, მისივე სიტყვებით, ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, სახლში დაბრუნდებოდა. ოჯახის ინფორმაციით, ესებუა თბილისში სამკურნალოდ იყო წასული. 

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები