არჩევნები 2020

"ქალაჩუნა გვარამია" – კობახიძის სექსისტურ-ჰომოფობიური გამონათქვამი მდინარაძემაც გაიმეორა

ტაბულა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სექსისტურ-ჰომოფობიური გამონათქვამი რამდენჯერმე გაიმეორა და მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას "ქალაჩუნა" უწოდა.

"არანაირი ანონიმური ინფორმაცია არ გაქვთ. როგორც კი ამბობთ თქვენ, ანონიმური ინფორმაცია გვაქვს, წყარომ მოგვაწოდაო, იტყუებით, ეს წყარო არის ნიკა გვარამია, ქალაჩუნა ნიკა გვარამია, რომელსაც ეშინია რაღაცების, ამიტომ უწოდა ქალაჩუნა ირაკლი კობახიძემ.

ქალაჩუნა ნიკა გვარამია იგონებს, შემდეგ ნიუსრუმში თქვენს პროდიუსერებს ეუბნება რაღაცებს, შემდეგ ის გეუბნებათ თქვენ, თქვენც სულ ტყუვდებით, ეს თქვენი პრობლემაა" - უთხრა მდინარაძემ მთავარი არხის ჟურნალისტს.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 29 ოქტომბერს ჰომოფობიური და სექსისტური განცხადება გააკეთა და მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია "ქალაჩუნად" მოიხსენია. მისი თქმით, თუ გლდანის, სამგორის და თელავის ოლქებში ქართული ოცნების კანდიდატები არჩევნებს წააგებენ, პოლიტიკას დატოვებს. სანაცვლოდ, ირაკლი კობახიძე ითხოვს, თუ სოზარ სუბარმა, ლევან კობიაშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა არჩევნები მოიგეს, ნიკა გვარამიამ დატოვოს "მედია და პოლიტიკა". სწორედ გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვლევით, არჩევნებს პირველ ტურში ენმ-ის კანდიდატები ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი იგებენ.

"ის, ბუნებრივია, ამაზე ვერ წამოვა, რადგან არის მხდალი ადამიანი და ბუნებრივია, ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას, მოდით, გადაეცით ეს თქვენს ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს" - მიმართა კობახიძემ მთავარ არხს.

კომენტარები