არჩევნები 2020

სამადაშვილი დეგნანზე: ინდივიდების როლი ყველგან მნიშვნელოვანია — იქნება ეს საქართველო თუ აშშ

ფორმულა

"ინდივიდების როლი პოლიტიკურ პროცესში ყველგან მნიშვნელოვანია, იქნება ეს საქართველო, აშშ თუ სხვა." - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

კელი დეგნანის სიტყვებით, ისურვებდა, საქართველოში ინდივიდების პოლიტიკა დასრულდეს.

ტაბულას ჟურნალისტმა სამადაშვილს ჰკითხა, არის თუ არა აცდენა პარტიისა და ელჩის რიტორიკას შორის, მაშინ, როდესაც ხელისუფლების შეცვლის გზაზე ენმ-ძალა ერთობაშია მთავარ ფაქტორად ექსპრეზიდენტ სააკაშვილს მიიჩნევს.

"ამერიკაშიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და, დამეთანხმებით, რომ სწორედ ინდივიდები თამაშობენ მნიშნელოვან როლს. ამიტომ, პოლიტიკაში ლიდერების როლი არის ყველგან მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ, ალბათ, ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ, შეიძლება, ბევრი ადამიანი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვინ არის ალტერნატივა, ვინ არის ლიდერი, ვიდრე იმ პროგრამების დეტალურ შესწავლას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.  

მე დავეთანხმები ქალბატონ ელჩს იმაში, რომ, ზოგადად, სასურველია, ადამიანები გადაწყვეტილებას იღებდნენ უფრო სიღრმისეულად, პროგრამების შესწავლით, მაგრამ ინდივიდების და ლიდერების როლი, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურ გარემოში. ინდივიდებს და ლიდერებს მნიშვნელობა აქვს ჩვენი პარტიისთვისაც და სხვა პარტიებისთვისაც - რაც უფრო პოპულარულია პოლიტიკური ლიდერი, მით მეტი შანსი აქვს მის პოლიტიკურ ძალას, გაიმარჯვოს არჩევნებში. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ერთადერთი საზომი, რაც არსებობს პოლიტიკური ძალის წარმატების, ეს არის წინასაარჩევნო გამოკითხვები. ჩვენ თუ ვიმსჯელებთ იმ დინამიკით, რასაც წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, ენმ-ის გადაწყვეტილება, დაესახელებინა პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი, იყო სწორი გადაწყვეტილება." - პასუხობს სალომე სამადაშვილი ფორმულას ეთერში. 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საპარალამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არჩევნების შესახებ საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფერ ანდერსონს ესაუბრა.

"ვისურვებდი, დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, შექმნან დაპირისპირება და დათესონ დაბნეულობა ქვეყანაში". – თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები