ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთში

ტუნისელი ტერორისტი, რომელმაც ნიცაში 3 ადამიანი მოკლა, საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა

პოლიციის ინფორმაციით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ღვთისმშობლის ტაძარზე ტერორისტული თავდასხმა 21 წლის ტუნისელმა კაცმა მოაწყო.

ის საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ იტალიის წითელი ჯვრის დოკუმენტებით შევიდა. თავდამსხმელი გასულ თვეს მიგრანტების ნავით ჩავიდა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე.

ტუნისელი კაცი ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლა. მას პოლიციამ ესროლა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულებს შორის არის 60 წლის ქალი, რომელსაც თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა. ასევე 55 წლის კაცი და 44 წლის ქალი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, თუმცა დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა.

თავდამსხმელს თან ცივი იარაღის გარდა ჰქონდა ორი მობილური ტელეფონი და ყურანი. ქალაქის მერის თქმით, დაკავების დროს ის იმეორებდა ფრაზას "ალაჰი უზენაესია".

მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და თქვა, რომ ეს ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა იყო.

მისი განცხადების მიხედვით, საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ტაძრებსა და სკოლებში დაცვის გასაძლიერებლად განთავსებული ჯარისკაცების რაოდენობა 3 000-დან 7 000-მდე გაიზრდება.

"თუ კიდევ ერთხელ დაგვესხნენ თავს, ეს იმ ღირებულებების გამო ხდება, რაც ჩვენია: თავისუფლება, ჩვენს მიწაზე იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფალი იყო რწმენაში და არ დამორჩილდე ტერორს. მე კიდევ უფრო მეტი სიცხადით ვამბობ: ჩვენ არაფერს დავთმობთ". - თქვა მაკრონმა.

რამდენიმე დღის წინ, პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

კომენტარები