არჩევნები 2020

ჰარცელი: შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომელიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით

0 კომენტარი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობას არჩევნების წინ მიმდინარე პროცესებში და ილაპარაკა იმაზე, თუ რა როლი ექნებათ მათ უშუალოდ არჩევნების დღეს:

"ევროკავშირი თავიდანვე ჩართული იყო, მათ შორის 8 მარტის შეთანხმების ხელშეწყობაში, რომელმაც ახალი საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყველა მონაწილეს უფრო თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებშიც და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო კამპანიასაც.

არჩევნების დღეს ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს, განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომლებიც ეწვევიან 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი გუნდი კოვიდის წინააღმდეგ იმავე მკაცრ წესებს დაიცავს, რომლებიც უნდა დაიცვას ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობს" . - ამბობს ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ეს იქნება ქართული დემოკრატიის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირება და ორმხრივი ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინც გაიმარჯვებს, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები:

"ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ეუთო/ოდირის მისიის ძალისხმევას. ჩვენ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთანაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო "თვალის და ყურის" საშუალებით.

ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება ეს გამარჯვება მოპოვებული, ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს.

ნება მიბოძეთ, მოვუწოდო ყველა ამომრჩეველს, რომ ყველას გააგონოს თავისი ხმა ამ არჩევნებზე უსაფრთხოდ და საიმედოდ". - თქვა მან.

დასავლეთიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული ყველა მოწოდება შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები