არჩევნები 2020

შსს: არჩევნებზე მართლწესრიგის დასაცავად ყველა რეგიონში პოლიციის მობილური ჯგუფები შეიქმნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას.

უწყების ცნობით, არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით საპოლიციო ძალები გადანაწილდება.

შინაგას საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ:

  • საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
  • სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი;
  • ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტები;
  • საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღეს არჩევნების მიმდინარეობისას შსს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები