არჩევნები 2020

უგულავა: 15-20 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, 15-20 მაჟორიტარულ ოლქში დიდი ალბათობით არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. 

მისი თქმით, მეორე ტურებში კანდიდატები სავარაუდოდ, ქართული ოცნებიდან იქნებიდან, რაც შეეხება ოპოზიციას, "იქნება მრავალფეროვნება"

"ჩემი აზრით, მაჟორიტარების ურბანულ სივრცეებში ძირითადად მეორე ტურები იქნება. 30-დან ალბათ, მინიმუმ, 15-20-ში იქნება მეორე ტური. ჩემი ვარაუდით, ზუგდიდშიც იქნება მეორე ტური და მე ვფიქრობ, ვიქნები მეორე ტურში, ქართული ოცნების კანდიდატთან "ჭიდილში".

მეორე ტურებში კანდიდატები ძირითადად იქნებიან ქართული ოცნებიდან და რაც შეეხება ოპოზიციას, აქ იქნება მრავალფეროვნება. ცხადია, მეტი შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები, მაგრამ ეს არ იქნება ყველა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. შესაბამისად, ხელისუფლების პროპაგანდა, რომ მეორე ტურებში მარტო ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არასწორია". - ამბობს უგულავა. 

მისივე თქმით, მთავარ არჩევანს ხალხი ხვალინდელ არჩევნებზე გააკეთებს. 

"მთავარი ორთაბრძოლა იქნება ხვალ და ხვალ ქართველი ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს ოპოზიციის სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ცვლილებების გარეშე სამწუხაროდ განწირულები ვართ ჭაობისთვის". - ამბობს უგულავა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები