არჩევნები 2020

პრემიერი: ჩვენი არჩევნები საბერძნეთსა და აზერბაიჯანში ვერ ტარდება, ესპანეთზე არ ვიცი

საქართველოს მთავრობა

31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საბერძნეთსა და აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლება დაეცვა.

"ეპიდემია არის გლობალური, არ შეგვიძლია, ჩვენს თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები დავუყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, იქ ვერ ტარდება უბრალოდ არჩევნები და საბერძნეთშიც, როგორც ვიცი. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი, ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, დარწმუნებული ვართ, როგორც აზერბაჯანში, ასევე საბერძნეთში და ესპანეთშიც, ქართული ოცნება მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას.

ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ესენი არიან სუვერენული სახელმწიფოები, რომელთა სუვერენულ ტრერიტორიაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს" - თქვა გახარიამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები