30 ოქტომბერს მოსკოვში საფრანგეთის საელჩოსთან ათეულობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მუჰამედის კარიკატურებს აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ფოტო დაწვეს.
აქცია პოლიციამ დაშალა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. სამართალდამცველებმა მოახერხეს, აქციის მონაწილეები საელჩოს შენობისგან დაეშორებინათ.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საელჩომ რუსეთის ხელისუფლებას საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ყველა წარმომადგენლობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების თხოვნით მიმართა.
საპროტესტო აქცია საფრანგეთის საელჩოსთან გუშინ, 29 ოქტომბერსაც გაიმართა.
29 ოქტომბერს ტუნისელი კაცი ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლა. მას პოლიციამ ესროლა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულებს შორის არის 60 წლის ქალი, რომელსაც თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა. ასევე 55 წლის კაცი და 44 წლის ქალი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, თუმცა დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა.
თავდამსხმელს თან ცივი იარაღის გარდა ჰქონდა ორი მობილური ტელეფონი და ყურანი. ქალაქის მერის თქმით, დაკავების დროს ის იმეორებდა ფრაზას "ალაჰი უზენაესია".
მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და თქვა, რომ ეს ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა იყო.
რამდენიმე დღის წინ, პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.