არჩევნები 2020

მარეგულირებელმა ევსაქების სარჩელი კლიპზე არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკმაყოფილა

კადრი ევროპული საქართველოს სარეკლამო რგოლიდან

კომუნიკაციების კომისიამ ევროპული საქართველოს საჩივარი წინასაარჩევნო კლიპზე იმედის წინააღმდეგ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც იმედმა ეთერში არ განათავსა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ვიდეორგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად ტელეიმედმა ორი ფაქტორი დაასახელა, პირველი – რეკლამის წარდგენისას არ იყო დაცული მხარეებს შორის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, კერძოდ ვიდეორგოლს არ ახლდა წერილი და მედიაგეგმა და მეორე – ვიდეოში ნაჩვენებია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რაც არღვევს "საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

"კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ პირველ შემთხვევაში ტელეკომპანია იმედმა ვერ დაასაბუთა შესაბამისი მტკიცებულებებით ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც იგი ვიდეორგოლის განუთავსებლობის მიზეზად უთითებდა. ხოლო რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას წინასაარჩევნო რეკლამაში, კომისიამ მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეორგოლში მიხეილ სააკაშვილის სურათის გამოყენება არ შეიძლება განიმარტოს, როგორც მისი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, ვინაიდან აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა წარმოადგენს ნებელობით აქტს, რომელიც გულისხმობს პირის მიერ გარკვეული ქმედების განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა ევროპული საქართველოს საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ტელეკომპანია იმედის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო". – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპული საქართველო კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებდა, ნება დართო ტელევიზიებისთვის, რომ  პარტიის საარჩევნო კლიპი განეთავსებინათ, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქე, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს. 

წინასაარჩევნო კლიპის გაშვებაზე ასევე უარი თქვა მთავარმა არხმა. ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ მთავარმა არხმა პარტიას დაუხარვეზა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც პარტიის "წითელი ხაზებია" მოცემული ქართულ ოცნებასა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

კომენტარები