რა იკრძალება არჩევნების დღეს

ტაბულა გთავაზობთ ქმედებების ჩამონათვალს, რომელიც აკრძალულია არჩევნების დღეს პოლიტიკური პარტიების, ამომრჩევლებისა და მედიის მხრიდან.

რა იკრძალება არჩევნების დღეს

  • კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.
  • აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ან/და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
  • დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.
  • კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.
  • კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.
  • აკრძალულია ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც/რომლებიც, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით.
  • კენჭისყრის დღეს აკრძალულია საარჩევნო ბიულეტენის კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება.
  • საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა.

კომენტარები