ქართული ოცნება 2020

გახარია: ბატონმა ბიძინამ გვასწავლა, შენი ქვეყნის და ხალხის მსახურება ყველაზე დიდი ღირსებაა

ქართული ოცნების შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა წინასაარჩევნო კამპანიაზე და მმართველი გუნდის მიღწევებზე ილაპარაკა:

"ყველას კარგად უნდა ახსოვდეს და იცოდეს, რომ ამ გუნდის ძირითადი ხელწერა არის შრომა და კიდევ ერთხელ შრომა. მაგრამ არასოდეს არავისგან არ მოგვითხოვია არც მადლობა და არც დავლოდებივართ ამ მადლობას. რამეთუ გვესმის და ეს გვასწავლა ბატონმა ბიძინამ, რომ შენი ქვეყნის და შენი ხალხის მსახურება არის ყველაზე დიდი ღირსება და ყველაზე დიდი შესაძლებლობა". - თქვა მან.

გახარიამ ასევე ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიაზე. მან თქვა, რომ მაშინ, როდესაც უძლიერესი ქვეყნები პანდემიის პირველ ტალღას ვერ უმკლავდებოდნენ, საქართველომ ეს სამაგალითოდ შეძლო:

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენ პანდემიის პირობებშიც შეგვიძლია და უნდა ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ უზარმაზარი გამოწვევების პირობებში, როდესაც ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მაშინ, როდესაც უძლიერესი ქვეყნები და სახელმწიფოები ვერ უმკლავდებოდნენ პანდემიის პირველ ტალღას, პატარა საქართველომ თავის მოქალაქეებთან ერთად და, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს სამაგალითოდ გამკლავებოდნენ პანდემიის პირველ ტალღას. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, გავაკეთოთ იგივე ახლაც".

გახარიას თქმით, როგორც მთავრობის, ასევე მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, გავუმკლავდეთ პანდემიის მეორე ტალღას:

"ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა, საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების, მოქალაქეების - ყველასი, გავუმკლავდეთ მეორე ტალღას ზუსტად ისეთივე წარმატებით, როგორც ეს გავაკეთეთ პირველი ტალღის შემთხვევაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეს, პირველ რიგში, აღელვებს მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის შემოსავლები და სამუშაო ადგილები. ეს არის მთავარი გამოწვევა და ჩვენ როდესაც მოვუწოდებთ ერთმანეთს, ვატაროთ პირბადე, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ხვალინდელი სწრაფი ეკონომიკური აღორძინების და აღდგენის მიმართ.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ერთად დავამარცხებთ პანდემიას, გავუმკლავდებით ეკონომიკურ კრიზისს, ერთად გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას და ადამიანის უფლებებზე ზრუნვას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალ, რამდენიმე საათში გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს ბევრი წლებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას". - თქვა მან.

კომენტარები