დავითგარეჯის საქმე

საპატრიარქო გარეჯისა და სინდისის პატიმრების ქომაგებს სიძულვილში ადანაშაულებს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეხმიანება დავითგარეჯის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილ პეტიციას. საპატრიარქო არასამთავრობო ორგანიზაციებს სიცრუის, სიძულვილისა, შეურაცხყოფის ტირაჟირებასა და საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის სიძულვილში ადანაშაულებს. გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"21 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება დადასტურებაა ჩვენ მიერ არაერთხელ განცხადებული პრობლემისა, კერძოდ იმისა, რომ დღეს საქართველოში სახეზეა დიდი ჯგუფი ორგანიზაციებისა და პირებისა, რომელთა საქმიანობა დიდი ხანია გასცდა კონსტრუქციული კრიტიკის სფეროს საქართველოს ეკლესიასთან და მის საჭეთმპყრობელთან მიმართებაში. ამ პირებს ახასიათებთ აბსოლუტური მიუღებლობა, დაუსაბუთებელი ბრალდებანი და სიძულვილი საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქისა. ჩვენ ადრეც მოგვიყვანია ამის მაგალითები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ – მზად ვართ განსხვავებული აზრისა და კრიტიკის მოსმენისათვის, თუმცა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სიცრუის, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ის ტირაჟირება, რასაც ამ პირთა მხრიდან აქვს ადგილი და რისი კიდევ ერთი დასტურიცაა ეს განცხადება.

ამასთან, გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ადამიანები და ორგანიზაციები დასავლური ფასეულობების მიმდევრები და მისი საქართველოში დამკვიდრების აქტიური მადეკლარირებელნი არიან; შესაბამისად, მათი სიძულვილთან ახლოს მდგარი ინტონაცია და დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანის მოსახლეობის უმრავლესობისათვის ეროვნული ინდენტობის მძლავრი ფაქტორია, რასაკვირველია, დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციასა და ისევ რუსული ვექტორის გაძლიებას უწყობს ხელს.

ჩვენ არანაირად არ ვაყენებთ ეჭქვეშ პირთა უფლებას, ისარგებლონ გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებით, თუმცა მიგვაჩნია, რომ მათი ამგვარი ქმედებანი ხელს უშლის საქართველოში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების გამართული სისტემის დამკვიდრებასა და რელიგიის თავისუფლების რეალიზებას, ასევე რისკის შემცველია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების, რადიკალიზმის გაღვივებისა და მთლიანობაში საზოგადოებრივი სიმშვიდისათვის ქვეყანაში.

მიგვაჩნია, რომ ასეთი პირების ამგვარი ქმედებანი არ უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელობების მიერ."

განცხადებას, რომელსაც საპატრიარქო ეხმაურება, და რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, შეწყდეს საზღვრის დემარკაციის პროცესის სახიფათო პოლიტიზაცია, გადარჩეს დავითგარეჯაზე ორმხრივად ხელსაყრელი შეთანხმების მიღების შესაძლებლობა და არ გაჩნდეს დაპირისპირების კიდევ ერთი კერა კავკასიაში, ხელს აწერს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია. ესენია ადამიანის უფლებათა ცენტრი, თავისუფლების ინსტიტუტი, თანასწორობა 17, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, სამოქალაქო იდეა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

აღსანიშნავია, რომ ამავე თემაზე სხვა 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 9 ოქტომბერს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, თუმცა მას საპარტიარქო არ გამოხმაურებია. ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება, შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში  რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი, უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე და საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი  პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები