არჩევნები 2020

ავღანეთში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ჯარისკაცები ხმას აძლევენ

ავღანეთში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში და გერმანულ ბაზა "მარმალზე" გაიხსნა. ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბის ბაზაზე დისლოცირებული სამხედროები კი, საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს.

ავღანეთში საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები. შედეგების შეჯამებისთანავე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკოს.

"საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ტარდება". – წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

კომენტარები