არჩევნები 2020

კაპანაძე: ოცნებას შანსი არ აქვს, 40%-ს ვერ იღებს, თავი არ დავიმშვიდოთ და მივიდეთ არჩევნებზე

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მოუწოდებს ამომრჩეველს, ხმის მისაცემად მივიდეს. სერგი კაპანაძის თქმით, ეს არის გარანტია იმისა, რომ ქართული ოცნება პირველივე ტურში დამარცხდება.

"სულ რაღაც ორსაათ-ნახევარი დარჩა არჩევნების დასრულებამდე, ეს ნიშნავს იმას, რომ ორსაათ-ნახევარი დარჩა მანამდე, სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ შანსი არ აქვთ, 40%-მდე მივიდნენ და ახლა ცდილობენ, ყველა თავისი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენონ და მიიყვანონ ამომრჩევლები ძალით, ზეწოლით, დაშინებით.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ჯერ კიდევ არ ყოფილა, წავიდეს არჩევნებზე. ეს არის გარანტია, რომ ივანიშვილი პირველ ტურში დამარცხდება და ვერაფერს ცუდს ვეღარ მოახერხებს მეორე ტურამდე. ეს ორსაათ-ნახევარი თავი არ დავიმშვიდოთ და ყველა, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა არჩევნებზე, მივიდეს იმისთვს, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. ამის შემდეგ, პირობას გაძლევთ, ყველა ბიულეტენი, რომელიც იქნება ურნაში, იქნება დაცული" - განაცხადა კაპანაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა მისცა 1 607 530 მოქალაქემ, რაც საერთო რაოდენობის 45.77%-ია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 42.04% იყო, 2012 წელს კი –53.03%.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველი ტურის დროს 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობა 38.16% იყო, მეორე ტურის დროს კი 47.31%.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები