კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა ისევ გადაიდო

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1 ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. მათივე ინფორმაციით, სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.

სამინისტრო აცხადებს, რომ თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.

2 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები