არჩევნები 2020

გადა-თვალე – "სირცხვილია" არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხმების გადათვლას ითხოვს

"გადა-თვალე" – სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხმების ახლიდან დათვლას ითხოვს.

სირცხვილიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეების ნდობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაკარგა და ამიტომ, შედეგების გადათვლის პროცესი გამჭვირვალედ, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს.

მოძრაობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციური პარტიების პროტესტს და მათ ერთიანობას მიესალმება.

"პანდემიის, მუქარის, დაშინებისა და მოსყიდვის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებმა უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოვავლინეთ და ჩვენს მოპოვებულ თითქმის პროპორციულ არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა დავაფიქსირეთ - 31 ოქტომბერს, 1,970,540-მა ადამიანმა გააკეთა არჩევანი, რომელთა უმრავლესობამ ხმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მისცა.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. ეს არჩევნები პირველ რიგში მოგვპარეს ჩვენ, ხალხს!". – წერია სირცხვილიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
______________________________________________________________________________________

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები