არჩევნები 2020

მელია: ივანიშვილი ძალიან ცდება, თუ იმედი აქვს, რომ ელექტრონულ სამაჯურს ხელზე გავიკეთებ

"თუ აქვს იმის იმედი, რომ ამ სამაჯურს ხელზე გავიკეთებ, ძალიან ცდება ბატონი ივანიშვილი". – ასე ეხმაურება ნიკა მელია პროკურატურის მოთხოვნას მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. 

გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

"ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება გააკეთებს, თავისივე საზიანო იქნება. ძალიან მჯერა ამის. იმიტომ, რომ იმდენად პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდია და აბსოლუტურად მორალურად არასწორ მხარეს დგანან, სიმართლე მათ მხარეს არ არის. გუნდი, რომელიც არჩევნებს ატარებს იარაღის მუქარებით, საარჩევნო უბნების დარბევით და მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და პროტესტი არავის გამოეთქვა, აბსოლუტურად მეორასე ხარისხოვანია ჩემს ხელზე ეს სამაჯური იქნებოდა თუ არ იქნებოდა. ეს არ არის სამართლებრივი სახელწიფო, სამაჯური გიკეთია ან არ გიკეთია ხელზე... მაგრამ ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, ძალიან აინტერესებთ ეს ელექტროსამაჯური ხელზე მიკეთია თუ არ მიკეთია. მე ვთქვი, ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ და ასეც იქნება. დანარჩენი თავის თავს დააბრალოს ივანიშვილმა, იმიტომ, რომ ამ ბატონს თავს არ დაუხრის აღარავინ. ამ ქვეყანას ვერ მოხუფავს და ვერ დააკონსერვებს, ამ ქვეყნისგან ვერ შექმნის თავის საკარმიდამოს. ამიტომ, ხელისუფალი, რომელიც მსგავს ნაბიჯებს დგამს, კიდევ ერთ გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, რომ ენარცხება ძირს ძალიან მტკივნეულად და პანიკურ მდგომარეობაშია. 

მე, მეგობრებთან ერთად, მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის და ეს ბოლომდე ბრძოლა იქნება ხალხის გამარჯვებით დამთავრებული. ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ, გამორიცხული ამბავია. თუ აქვს იმის იმედი, რომ ამ სამაჯურს ხელზე გავიკეთებ, ძალიან ცდება ბატონი ივანიშვილი. ბატონი ივანიშვილი იმას კი არ უნდა ფიქრობდეს, ვის დასჯის, რამდენად დაისჯება კანონის მიერ ცოტა ხანში, იმაზე უნდა იფიქროს. მე ამას ვურჩევდი". – ამბობს მელია მთავართან ინტერვიუში. 

ნიკა მელიას გადაწყვეტილებას სამაჯურის მოხსნაზე მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.  

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. 

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. 

კომენტარები