არჩევნები 2020

უგულავა მელიაზე: მის წინააღმდეგ პოლიტიკური დასჯა ხორციელდება

ევროპული საქართველო

"მის წინააღმდეგ ახლა ხორციელდება პოლიტიკური დასჯა". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პროკურატურის მოთხოვნას ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. 

"რა სახელმწიფო გადატრიალებაზე ვლაპარაკობთ? რამდენი არჩევნები უნდა ვატრიალოთ ეს სისულელეები და ვჭამოთ და ვყლაპოთ? აღარავინ აღარ ყლაპავს ამას, გარდა ივანიშვილის და ქართული ოცნების პროპაგანდისტული საშუალებებისა. თვითონ მოიგონებენ თემას, მერე პროპაგანდისტული საშუალებებით ხდება ამის ტირაჟირება და სიმულაციის შექმნა. 

ფაქტი არის ერთი, რომ მელიას წინააღმდეგ ახლა ხორციელდება პოლიტიკური ეგზეკუცია, პოლიტიკური დასჯა. დღეს ეს არის ფაქტი და მოდის პირადად ივანიშვილისგან". – ამბობს უგულავა. 

გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.   

ნიკა მელიას გადაწყვეტილებას სამაჯურის მოხსნაზე მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

კომენტარები