გიორგი რურუას საქმე

ფოტიგა რურუას თავდასხმაზე: შოკირებული ვარ, მთავრობა სრულიად აგებს პასუხს მის ჯანმრთელობაზე

ევროპარლამენტარი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანა ფოტიგა, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას N8 პენიტენციურ დაწესებულებაში თავდასხმას გამოეხმაურა:

"მე ძალზედ შოკირებული ვარ ციხეში გიორგი რურუაზე სასტიკად თავდასხმისა და ცემის ამბით. საქართველოს მთავრობა სრულიად აგებს პასუხს მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მე მოვუწოდებ ჯოზეფ ბორელს [ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს] და ევროკავშირის საგარეო სამსახურს, დასვან ეს საკითხი. ევროკავშირის დიპლომატებმა უნდა მოინახულონ იგი და სიტუაცია შეაფასონ".

შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თავს დაესხნენ.

გიორგი რურუაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ფორმულას ეთერში ისაუბრა.

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რურუაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ციხეში მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

კომენტარები