არჩევნები 2020

პრეზიდენტი: პანდემიის მიუხედავად ცესკომ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდა.

პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, თამარ ჟვანიამ სალომე ზურაბიშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"პრეზიდენტმა, თავის მხრივ, თამარ ჟვანიასა და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და გამოხატა მადლიერება, იმისთვის, რომ მათ შეძლეს პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად ორგანიზება გაეწიათ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის". – წერია განცხადებაში.

ამასთან ერთად, პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ "დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ მიუკერძოებელ ინსტიტუტზე, საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედზე - საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია".

---

გუშინ, 2 ნოემბერს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები