აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს პირველმა ლედიმ ხმა ფლორიდაში მისცა [VIDEO]

აშშ-ში არჩევნების დღეს აშშ-ს პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ფლორიდაში ხმა მისცა. 

ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ შესანიშნავად გრძნობს თავს. 

"ეს არჩევნების დღეა. ასე რომ, მე მინდოდა აქ მოვსულიყავი დღეს, არჩევნების დღეს ხმის მისაცემად". – პასუხობს მელანია ტრამპი კითხვაზე, თუ რატომ არ მისცა ხმა მან თავის ქმართან ერთად 24 ოქტომბერს.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ფლორიდაში 9 დღით ადრე მისცა

"მე ხმა მივეცი პიროვნებას, სახელად ტრამპი". – თქვა მან მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანი დატოვა.

ტრამპის ოფიციალურ საცხოვრებელ ადგილად მარ-ა-ლაგოს დასასვენებელი კომპლექსია დაფიქსირებული.

კორონავირუსის გამო შტატებში საარჩევნო უბნების ნაწილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა, ასევე მოქმედებს ფოსტით ხმის მიცემის სისტემა. ასე, დაახლოებით, ასმა მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვებით ქვეყნის მასშტაბით ბაიდენი ხმათა 51%-ს აიღებს, ტრამპი კი 43%-ს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში კანდიდატების რეიტინგი მეტისმეტად ახლოსაა იმისათვის, რომ პროგნოზი გაკეთდეს.

ასეთი შტატებია არიზონა, აიოვა, ფლორიდა, ჯორჯია, მიჩიგანი, მინესოტა, ნევადა, ნიუ-ჰემფშირი, ჩრდილოეთ კაროლინა, ოჰაიო, პენსილვანია, ტეხასი, ვირჯინია და ვისკონსინი. გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი ლიდერობს ტეხასსა და ოჰაიოში, დანარჩენ შტატებში კი მას ბაიდენი რამდენიმე ქულით უსწრებს.

როგორია აშშ-ს საარჩევნო სისტემა და რა შანსები აქვს ჯო ბაიდენს შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები