არჩევნები 2020

ჯაფარიძე: თუ გასაჩივრებული ოქმები გაუქმდება, ჩვენი თვითმიზანი არაა პარლამენტში არშესვლა

"ჩვენ ვასაჩივრებთ და ოქმების გაუქმებას ვითხოვთ და თუ გაუქმდება, ეს ცვლის ვითარებას". – ამბობს ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში. 

კითხვაზე, საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში ლელო შევა თუ არა პარლამენტში, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამის შემდეგ "ოპოზიცია შეიკრიბება და შევხედავთ". 

"ჩვენ ვასაჩივრებთ, გაუქმებას ვითხოვთ ოქმების. 20 %-ია ჩასწორებული. თუ ესენი ყველაფერი დაკმაყოფილდება, მაშინ ეს ვითარებას ცვლის. თუ დავინახავთ, რომ კი არ დაიწერა ქართულმა ოცნებამ 48 პროცენტი, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა ის, რომ მასობრივი დარღვევებია და გააუქმა შედეგები - ეს ვითარებას შეცვლის, მერე შევიკრიბებით და შევხედავთ, მაგრამ ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ". – ამბობს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, არჩევნები ისეთი დარღვევებით ჩატარდა, რომ მისი შედეგი ლეგიტიმური ვერ იქნება.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ლელოს თავისი სამოქმედო გეგმა აქვს, დოკუმენტებით მტკიცდება, რომ არჩევნები გაყალბდა. 

"თუ დავინახავთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებლიანად იქცევა, აუქმებს იმ ოქმებს, სადაც პირდაპირ არის დამახინჯებული ციფრები და ა.შ. თუ სურათი იცვლება, ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში არ შესვლა. პარლამენტში არ შესვლა გადავწყვიტეთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს არის". – აცხადებს ჯაფარიძე. 

2 ნოემბერს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატიროტთა ალიანსმა.

 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48.15% მიიღო, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით, ეს მონაცემი 45.8%-ია.

გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა. ეს გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. ISFED-ის შეფასებით, ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ორგანიზაციის ცნობით, შედეგებზე შესაძლო გავლენა, დაახლოებით, 4%-ია. ISFED-ი წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

 

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები