არჩევნები 2020

"დრო, ადგილი არ იყო შერჩეულიო, აბა, ნარიყალაზე ავიდე?" — სანიკიძე მელიასთან დაპირისპირებაზე

"დრო არ იყო შერჩეული და ადგილიო და აბა, ნარიყალაზე უნდა ავიდე და იქედან გავაკეთო განცხადება?" - ასე ეხმაურება ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, გუბაზ სანიკიძე ნიკა მელიასთან დაპირისპირებას. 

"ეს თემა გაირკვევა ჩემსა და მელიას შორის და არ მგონია, რომ საქვეყნო თემა იყოს ახლა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას, გაცილებით უფრო სერიოზული. ჩემი და მელიას ურთიერთობა ახლა არ არის საკვანძო საკითხი. სკანდალური იყო, რა თქმა უნდა, ორივე განერვიულებულები ვიყავით, მაგრამ მოგვარდება ეს საკითხი.  

არ ვარ ნამდვილად შეგზავნილი. მთავარი საყვედური ჩემს მიმართ არის ის, რომ დრო არ იყო შერჩეული და ადგილიო და აბა, ნარიყალაზე უნდა ავიდე და იქედან გავაკეთო განცხადება, თუ სად? რას ნიშნავს, დრო და ადგილი არ არის სწორი? ყველას, ვინც ოპოზიციას გულშემატკივრობს, უმორჩილესად ვთხოვ, მიკარნახონ, შემირჩიონ დრო და ადგილი. ეს არის გაუგებარი ამბავი, რა. მე ჩემი მოსაზრება ვთქვი". – თქვა სანიკიძემ პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ენმ-ძალა ერთობაშიას წევრებს, ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სანიკიძემ თქვა, რომ ოპოზიციამ "ორიანზე ჩაატარა არჩევნები და შეეძლო, ჰქონოდა ერთი შტაბი". მან განაცხადა, რომ "არც ერთი ჩვენგანის არ ეშინია ბიძინას, მას პერსონალურად ეშინია ერთადერთი კაცის, ეს არის ერთადერთი მიხეილ სააკაშვილი, არ დადგა დრო, რომ ჩამოვიდეს და ჩაერთოს ამ საქმეში?". 

გუბაზ სანიკიძის ამ განცხადებას ნიკა მელიას პროტესტი მოჰყვა - მან თქვა, რომ სანიკიძეს ოპოზიციურ ერთობაში ხინჯი შეაქვს.

"გუბაზ სანიკიძე კი არა, ანზორ მელიაც რომ იყოს, ვისაც შემოაქვს ხინჯი ოპოზიციურ ერთობაში, ის არის მიუღებელი ჩემთვის... შენ შემოგაქვს, ახლა, რასაც აკეთებ". – მიმართა მელიამ სანიკიძეს.

კომენტარები