არჩევნები 2020

დეკანოიძე შსს-ს: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ დაკავებულები, რამდენიმე წუთს გაძლევთ

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლონ. 

"მივმართავ შსს-ს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააკავეს. ვაძლევ ვადას, რამდენიმე წუთს და მე მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ისინი უკანონოდ დააკავეს, იმიტომ, რომ გამოთქვამდნენ პროტესტს იმ გაყალბებაზე, რომელიც ამ ოლქში ხდება. 

ჩვენი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. გაბათილებაზე, რომლებიც გვქონდა მოთხოვნილი, მათ შორის, უბნები, სადაც წარმოუდგენელი კანონდარღვევა იყო". – ამბობს დეკანოიძე. 

ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის აქციაზე 7 ადამიანია დაკავებული. ისინი იზოლატორში გადაჰყავთ. მისივე თქმით, 2 გაათავისუფლეს, რადგან საარჩევნო სიაში არიან. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  

ცესკოს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი უბნის შედეგები და საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა. გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის, ხულოსა და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები.

საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრებს განიხილავენ. პარალელურად, ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციებს მართავენ. ოპოზიციის ლიდერები ითხოვდნენ, კომისიის სხდომას დასწრებოდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები