არჩევნები 2020

ოპოზიციური პარტიები მსვლელობას მართავენ და ხალხს 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

თბილისში, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. 

ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი მოსახლეობას არჩევნების გაყალებების დამადასტურებელი ოქმების ასლებს ურიგებენ და კვირას, 8 ნოემბერს დანიშნულ საპროტესტო აქციაზე იწვევენ.

"კვირას, სამ საათზე ყველა მოვიდეს, გამოვხატოთ ჩვენი გულისწყრომა იმ ამორალურ უტიფრობასთან დაკავშირებით, რომელიც ხდებოდა 31 ოქტომბერს და დღემდე მიმდინარეობს. არცერთი საჩივარი ფორმალურადაც კი არ განიხილეს. ამიტომ ჩვენ ყველას ველოდებით კვირას"- ამბობს ენმ-ს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

"ეს არ არის არჩევნები, არჩევნების წართმევა არის, პირველ რიგში მოქალაქეების უფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა მათ არ წაართვან არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, კვირას ფართო საზოგადოება გამოვიდეს და გააპროტესტოს ხელისუფლების მიტაცება"- აღნიშნავს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით საერთო აქციას გამართავენ

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

 

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები