ბელარუსი

ევროკავშირში ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ – RFERL

ABC

4 ნოემბერს ევროკავშირში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და კიდევ 14 სხვა ოფიციალური პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. სანქციები მოიცავს ვიზის აკრძალვის დაწესებას და აქტივების გაყინვას.

RFERL წერს, რომ ანონიმური წყაროების თქმით, ეს სანქციები 6 ნოემბერს უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის ოფიცალურ ჟურნალში. 

AFP-ს ინფორმაციით, ევროკავშირმა, ასევე, შესაძლოა, მიზანში ამოიღოს ლუკაშენკოს უფროსი ვაჟიც, ვიქტორ ლუკაშენკო. ვიქტორ ლუკაშენკო ალექსანდრ ლუკაშენკოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია. 

AFP-ს ჟურნალისტებმა ნახეს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ, სადაც წერია, რომ ლუკაშენკო "არის პასუხისმგებელი სახელმწიფო აპარატის მიერ ძალადობრივ რეპრესიაზე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მას შემდეგ".

მას ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციის კანდიდატების გაძევებაზე "თვითნებურ დაკავებებსა და მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი ცუდად მოპყრობაზე, ასევე, ჟურნალისტების დაშინებასა და ძალადობაზე".

ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად 5 ნოემბერს უსრულდება. 

12 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირმა სანქციების ახალ სიაში უნდა შეიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ეხება 40 ოფიციალურ პირს, რომლებსაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. ეს სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს.

მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობდა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევში ლუკაშენკომ შეიძლება აღარ შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, არ დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან და არ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

ბელარუსის ხელისუფლბის წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მკანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.

კომენტარები