არჩევნები 2020

"ოქროს ჩოთქი ქალბატონი თამარისთვის" — აქტივისტებმა თამარ ჟვანია დააჯილდოვეს

რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია საანგარიშოთი, მათემატიკის წიგნებით, ჩრდილოეთ კორეის ვიზით, "შუბლის ძარღვის იმპლანტითა" და გადადგომის განცხადებისთვის ცარიელი ფურცლით დაჯილდოვეს. 

"ეს არის პირველი და, დიდი ალბათობით, უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც 100%-ით ვეთანხმებით ბატონ კობახიძეს. ქალბატონი გამყალბებელი ჟვანია უდავოდ იმსახურებს არაერთ ჯილდოს.  

რადგან ამ პროცესში ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, აქტიურად ვიწყებთ ჩართვას, თამამად შემიძლია, გავუგზავნო ჩვენი გზავნილი: ქალბატონო თამარ, ძალიან დიდი შეცდომა იყო არა რომელიმე პარტიის ხმების მოპარვა, არა რომელიმე პარტიის დახმარება, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მოპარვა. არცერთ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება ამ სისხლის სამართლის დანაშაულს არ გაატარებს, არც ახლა და არცერთი შემდეგი მთავრობის დროს. დასაკარგი დრო ჩვენ აღარ გვაქვს". - თქვა გიგა მაქარაშვილმა

გუშინ, 4 ნოემბერს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თამარ ჟვანიას "ჯილდო ეკუთვნის შეურაცხყოფების მოთმენისთვის, თანადგომას იმსახურებს". 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100% დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები