კორონავირუსი საქართველოში

მერია: პიკის საათებში, მეტროში მგზავრთა ნაკადს რიგების მართვით გავაკონტროლებთ

6 ნოემბრიდან, თბილისის მერია მეტროში რიგებს გააკონტროლებს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.

"გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით, რათა შეძლებისდაგვარად თავი დავიზღვიოთ ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან.

ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება ვარკეთილის, ახმეტელის თეატრის, დიდუბისა და სადგურის მოედნის მეტროსადგურებზე.

მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვების შეფერხება მოხდება.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები" - აცხადებს თბილისის მერია.

5 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

გარდა ამისა, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, რა დამატებითი შეზღუდვების დაწესებაა შესაძლებელი ვირუსის გავრცელების შესანელებლად და მობილობის შესამცირებლად. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

კომენტარები