აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპი: თუ კანონიერ ხმებს დაითვლით, მარტივად ვიგებ

დონალდ ტრამპი
Getty Images

4 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა და კვლავ არჩევნების მოპარვაზე ისაუბრა.

"თუ კანონიერ ხმებს დაითვლით, მე მარტივად ვიგებ. თუ უკანონო ხმებს დაითვლით, მათ შეუძლიათ, სცადონ არჩევნების მოპარვა.

ჩვენ ვიმარჯვებდით გადამწყვეტი მნიშვნელობის ყველა ადგილზე დიდი სხვაობით და შემდეგ ჩვენმა რიცხვებმა სასწაულებრივად დაიწყო შემცირება, ისინი კი კანონით დაშვებულ დამკვირვებლებს არ უშვებდნენ [ხმების დათვლის პროცესზე]". - თქვა მან.

ტრამპი საკუთარ Twitter-ზე მოითხოვს, შეწყდეს ხმების დათვლა. ის აპროტესტებს ფოსტით მიღებული ხმების ჩათვლას, რომელთა უმეტესობა ჯო ბაიდენისათვის არის მიცემული. სწორედ ამ ხმებმა უკვე შეცვალა შედეგები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ორ შტატში, ვისკონსინსა და მიჩიგანში, სადაც თავდაპირველად ტრამპი ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ტრამპმა ფოსტით ხმის მიცემის პრაქტიკის კრიტიკა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებდა, ხმა ფოსტით არ მიეცათ. ის ამბობდა, რომ ამ გზით შესაძლებელია არჩევნების მასშტაბური გაყალბება. გაყალბებაზე ლაპარაკობენ ტრამპის გუნდშიც და ვისკონსინსა და მიჩიგანში ხმების გადათვლას მოითხოვენ, თუმცა მათ ამ დრომდე კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ტრამპმა განაცხადა, რომ საკითხს უზენაეს სასამართლოში წაიღებს განსახილველად.

ტრამპი ამ ბრალდებების გამო გააკრიტიკეს როგორც დემოკრატიულ, ასევე რესპუბლიკურ პარტიაში. იუტის სენატორმა მიტ რომნიმ თქვა, რომ უნდა დაითვალონ ყველა ხმა:

"ყველა ხმა დაითვლება. თუ იარსებებს ბრალდება დარღვევების თაობაზე, ამას გამოიძიებენ და საბოლოოდ სასამართლოში გადაწყდება. გქონდეს ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი კონსტიტუციის და ამერიკელი ხალხის რწმენა". - თქვა მან.

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც ილინოისის შტატიდან წარმომადგენელთა პალატაში კიდევ ერთხელ აირჩიეს, თქვა:

"თუ ლეგიტიმური ეჭვები გაქვს დარღვევების თაობაზე, სამხილები სასამართლოში წაიღე. შეწყვიტე გამოაშკარავებული დეზინფორმაციის გავრცელება. ეს სიგიჟეა". 

რესპუბლიკელები გააკრიტიკეს ტრამპის შვილებმა. მათი თქმით, პარტია საკმარისად არ უჭერს მხარს ტრამპს.

ტრამპის კომენტარებს გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც და ქვეყანას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ დემოკრატიას მოთმინების უნარი სჭირდება.

"ყველას ვთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნოს. პროცესი მიმდინარეობს. დათვლა სრულდება. მალე გვეცოდინება შედეგები". - თქვა მან.

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი გამარჯვებული გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე რამდენიმე შტატში:

ჯორჯია - დათვლილია ხმების 99% - დონალდ ტრამპი 49.4% (2 448 081 ხმა), ჯო ბაიდენი - 49.4% (2 446 814 ხმა)

ჩრდილოეთ კაროლინა - დათვლილია 94% - დონალდ ტრამპი 50.1%, ჯო ბაიდენი 48.7%

პენსილვანია - დათვლილია 95% - დონალდ ტრამპი 49.6%, ჯო ბაიდენი 49.3%

არიზონა - დათვლილია 90% - ჯო ბაიდენი 50.1%, დონალდ ტრამპი 48.5%

ნევადა - დათვლილია 84% - ჯო ბაიდენი 49.4%, დონალდ ტრამპი 48.5%

ბოლო მონაცემებით ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს მოპოვებული, ტრამპს კი 214. გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმა სჭირდება. თუ ბაიდენი გაიმარჯვებს იმ 2 შტატში, სადაც ამჟამად ლიდერობს, ის დამატებით 17 ხმას მოიპოვებს, რაც საკმარისი იქნება პრეზიდენტად არჩევისათვის.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

კომენტარები