არჩევნები 2020

"მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანა" – კაპანაძე კობახიძის სუს-ში დაბარებაზე

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

"მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანა." - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სუს-ში დაბარებას. 

„ივანიშვილი ეხლა არის ძალიან შეშფოთებული, რადგან იცის, რომ იმის გამო, რომ ხალხს მოპარა არჩევანი, ხალხი აპირებს გარეთ გამოსვლას, აპირებს გაპროტესტებას და ეს იქნება ხანგრძლივი და ხალხმრავალი პროტესტი. ახლა ცდილობს, სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ, ერთი მხრივ, ოპოზიცია შეაშინოს, - სრულიად წარუმატებელი იქნება ეს მცდელობა, მაგრამ ამას აპირებს - და, მეორე მხრივ, ხალხი შეაშინოს." - ამბობს კაპანაძე. 

სერგი კაპანაძის თქმით, ივანიშვილი ხალხს კორონავირუსის გამო შეზღუდვების შემოღებით აშინებს, ოპოზიციას კი დაფინანსების შეწყვეტაზე ევაჭრება. 

"არ ესმის, რომ დაფინანსება არ არის ის საკითხი, რომლის გამოც ოპოზიცია უარს იტყვის არჩეულ სტრატეგიაზე და ახლა მოიგონეს ის, რაც დიდი ხანია მათი მხრიდან მოდის და გვესმის, თითქოს ოპოზიცია აპირებს რაღაც გადატრიალებას და ყველაზე საინტერესო და სასაცილო ამ ამბავში ის არის, რომ მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ და კობახიძე არის ის, ვინც სუს-ში მივიდა, თითქოს რაღაც ინფორმაცია მიაწოდა. 

უნდა გაიგოს ამ ადამიანმა, რომ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასეთი იაფი მუქარებით და დაშინებით არაფერი მას არ გამოუვა. როგორც ჩანს აქამდე ვერ გაიგო, გაიგებს 8 ნოემბერს და მომდევნო დღეებში." - ამბობ კაპანაძე. 

გუშინ, 5 ნოემბერს, ირაკლი კობახიძე სუს-ში იმყოფებოდა. კობახიძის თქმით, უწყებას მიაწოდა "ინფორმაცია რევოლუციური სცენარის შესახებ." 

30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე ოპოზიციის პროვოკაციაზე ფაქტების შესწავლა დაიწყო.

მანამდე კი ირაკლი კობახიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ოპოზიციური კანდიდატების სიები, რომლებიც, მისი თქმით, არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავენ.

კომენტარები