თბილისი

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარედ სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარედ მომხდარ სროლის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი დააკავეს. 

უწყების ცნობით, მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა. სამართალდამცველებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს". – ნათქვამია განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები