არჩევნები 2020

სამთავრობო მედია, სავარაუდოდ, ოპოზიციური ლიდერების ჩანაწერებს ავრცელებს – ენმ-ს პასუხი

სამთავრობო ტელეკომპანია იმედი, სავარაუდოდ, ოპოზიციური ლიდერების ჩანაწერებს ავრცელებს. ტელეკომპანია უკრაინული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ აუდიომასალას ეყრდნობა და მასში, იმედის ცნობით, სალომე სამადაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჩანაწერებია მოცემული.

ჩანაწერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას შემდეგ დაწყებული ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტის ფონზე გამოქვეყნდა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიომასალას გამოეხმაურება. სამადაშვილი წერს, რომ მასზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ამის შესახებ ინფორმაცია ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელსა და ვაშინგტონს მიეწოდება.

"დიდი ძმა გვისმენს – ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო "კაგებშნიკ" დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)". – წერს სალომე სამადაშილი.

კომენტარები