რუსეთი

120-ე დღეა, რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო აქცია იმართება [VIDEO]

7 ნოემბერს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკში კიდევ ერთხელ გაიმართა დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი მთავრობის საწინააღმდეგო აქცია.

"ძალიან ცივა, თუმცა ხაბაროვსკის მოსახლეობა არ ნებდება". – ვკითხულობთ ხაბაროვსკის ნავალნის შტაბის Twitter-ის გვერდზე. 

"პოლიცია, სირცხვილი!"; "ჟურნალისტებისგან ხელები შორს!" – გაიძახდნენ შეკრებილი პირები.

"შაბათობით რეგიონულ სამთავრობო შენობასთან შეკრებილი ხალხის რაოდენობა ყოველ კვირას იკლებს. არასანქცირებული მსვლელობის მონაწილეები მოედანზე შეიკრიბნენ Covid-19-ის არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და მასობრივ ღონისძიებებზე დაწესებული აკრძალვის მიუხედავად". – განაცხადეს მერიაში.

ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობაში დაახლოებით 250 პირი მონაწილეობდა. 

დღევანდელ აქციაში მომიტინგეები თავიანთი ავტომობილებითაც მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ კვირებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიას უთხრა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

ივლისის ბოლოს პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა მიხაილ დეგტიარიოვი, მაგრამ მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან მას რეგიონთან კავშირი არა აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

30 ივლისს დეგტიარიოვი ირწმუნებოდა, რომ ხაბაროვსკის აქციებზე პროვოკატორები საქართველოდან არიან.

ცენტრ Levada-ს გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია, ხოლო11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ცენტრის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23% ასახელებს პუტინს პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან.

კომენტარები