კორონავირუსი

გაბუნია: თავად პაციენტები აგვიანებენ მომართვას ან ხდება დაყოვნება, თუმცა ეს მართვადია

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ერთი მხრივ თავად პაციენტები აგვიანებენ სამედიცინო დახმარებისთვის მომართვას და, მეორე მხრივ, არის დაყოვნების შემთხვევებიც, თუმცა ეს სიტუაცია მართვადია.

"რა თქმა უნდა, ახლა, სისტემური პასუხისთვის და იმისთვის, რომ გადაეწყოს ესეთ დიდ დატვირთვაზე, ჯანდაცვის სისტემას გარკვეული დრო სჭირდება. დღეს მობილიზებულია საწოლფონდის საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ შემთხვევები, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალიზალური მართვა და უფრო მეტიც, ჩვენ დღეს სხვა ქვეყნებთან შედარებით აქტიური შემთხვევების 28-30%-ში ჰოსპიტალიზაციას ვაკეთებთ, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი არის 10-15% მაქსიმუმ. კი, არის, გარკვეული ლოდინი უწევთ ბინაზე. ორი უკიდურესობაა და შემთხვევები, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით – ერთი, რომ თავად პაციენტები აგვიანებენ მომართვას და როდესაც უკვე გადაწყვეტენ, რომ დროა უკვე, მიმართონ სამედიცინო სფეროს იმისთვის, რომ შესაძლო კოვიდთან ჰქონდეს საქმე, არის შემთხვევები, როდესაც გვიან ხდება მათი აქტიური მართვის დაწყება და, სამწუხაროდ, გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო ასეთ შემთხვევებში. იყო, კი, ეს დღეები მეც ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან, რომ სადღაც დაყოვნებაა, სასწრაფოს ელოდებიან და ადგილის მობილიზება ჭირს, მაგრამ ჯერჯერობით ეს სიტუაცია მართვადია და არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ პაციენტი, ვისაც რა დონის დახმარება სჭირდება სასტუმროში, ბინაზე ან საავადმყოფოში დაბინავდნენ, გარკვეული ლოდინი უწევთ, დიახ". - თქვა გაბუნიამ 6 ნოემბერს პალიტრასთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩივიან მოქალაქეები იმაზე, რომ, სადაც არ დარეკეს თავისუფალი საწოლი არ არის და რატომ ჭირს პაცინეტების ჰოსპიტალიზაცია, თამარ გაბუნია პასუხობს შემდეგს:

"თავისუფალი საწოლები არის, მაგრამ ეს არ არის ასეთი თვითდინებით მომართული პაციენტებისთვის. არის შემთხვევები, როცა პაციენტი თავად უკავშირდება კლინიკას - ეს არ არის უბრალოდ მიღებული და სწორი პრაქტიკა. ამ შემთვევაში, ჩვენ გვაქვს და ყველასთვის ცნობილია ის მექანიზმი, რომელიც პაციენტმა უნდა გამოიყენოს, 112-ის მექანიზმი. 112-ის მექანიზმის შემთხვევაშიც არის მოლოდინის პერიოდი, თუმცა ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება იმ პაციენტს, რომლის მდგომარეობა არის განსაკუთრებით საგანგაშო და მძიმე და სასწრაფო დახმარების სამსახური ცდილობს, რომ პირველ რიგში ამ პაციენტის ტრანსპორტირება უზრუნველყოს და მოათავსოს ის ინტენსიური რეანიმაციის საწოლზე. ამდენად, არის, კი, გარკვეული მოლოდინი და მოლოდინის პერიოდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი ნაკადი დაემატება პაციენტების სისტემას, იმიტომ, რომ სისტემის შესაძლებლობა არ არის უსაზღვროდ დიდი." - აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რა რაოდენობაში გახდა ფატალური შემთხვევების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა, მათი გვიან გადაყვანა კლინიკაში, გაბუნიამ უპასუხა, რომ ზუსტი მიზეზშედეგობრივი სტატისტიკა ამჯერად არ აქვს, მაგრამ ამაზე მუშაობს კლინიკური ჯგუფი. 

"ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, არის შემთხვევები, ერთეული შემთხვევები, რომელზეც ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ, როდესაც ის კი არა, რომ სამედიცინო სფერომ დააგვიანა პასუხის გაცემა, არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც პაციენტი მოგვმართავს სიმპტომების გაჩენიდან მეათე დღეს, ორი კვირის თავზე, როდესაც უკვე ძალიან ცუდად იგრძნო თავი, მანამდე რჩებოდა ბინაზე და რატომღაც არ იფიქრა, რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსი ყოფილიყო. აქაც რამდენად შეიცვლებოდა გამოსავალი ადრეული მომართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძნელი სათქმელია". - დასძინა მან.

თამარ გაბუნიას თქმით, ნამდვილად მეტი ცოდნა არის საჭირო თითოეული მოქალაქისთვის, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მათივე სიმპტომების შეფასება და მიმართონ ექიმს.

"როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი ბინაზეა და მკურნალობს, მეტი ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა ვაკონტროლოთ. ოჯახის ექიმები ძალიან აქტიურად არიან [ჩართულები], 600 ოჯახის ექიმია დღეს ამ პროცესში ჩართული და დაახლოებით, 8 ათასი ადამიანია ბინაზე. საბედნიეროდ, მათი დიდი ნაწილის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მშვიდად გადიან ისინი იმ 10-დღიან პერიოდს, რაც ბინაზე უნდა გაიარონ, თუმცა არის შემთხვევები, რომლებიც მძიმდება და, თუ ოჯახის ექიმმა არ იცის, რომ ეს პაციენტი არის ბინაზე საერთოდ და გვიან დაურეკავენ, ან არ გაგვაგებინებენ საერთოდ, რომ ბინაზე არიან, მერე უკვე ძალიან რთულია ჩარევა". - თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 2 754 პაციენტი.

კომენტარები