აშშ-ს არჩევნები 2020

კამალა ჰარისი აშშ-ს პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი იქნება

0 კომენტარი
კამალა ჰარისი

კამალა ჰარისი აშშ-ს პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი გახდება. ის ასევე იქნება პირველი ფერადკანიანი ვიცეპრეზიდენტი და პირველი აზიელი-ამერიკელი ვიცეპრეზიდენტი. ჰარისი კალიფორნიაში დაიბადა ორი იმიგრანტის ოჯახში. მისი დედა ინდოეთიდან იყო, მამა კი იამაიკიდან.

55 წლის ჰარისი ამ დრომდე კალიფორნიის სენატორი იყო. ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან თავადაც იყრიდა კენჭს, თუმცა მალევე ფინანსების ნაკლებობის გამო კამპანიას გამოეთიშა.

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა, ჰარისმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"ეს არჩევნები ბევრად უფრო მეტ რამეს მოიცავს, ვიდრე ჯო ბაიდენი ან მე ვართ. საქმე ამერიკის სულს ეხება და ჩვენს ნებას, მისთვის ვიბრძოლოთ. წინ ბევრი საქმე გვაქვს. დაე, დავიწყოთ."

მან ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ულოცავს ის ტელეფონით ჯო ბაიდენს გამარჯვებას:

"ჩვენ ეს შევძელით ჯო. შენ აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი იქნები."

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა. პენსილვანიაში დათვლილია ხმების 99%, ბაიდენს 49.7% აქვს და ტრამპს 34 458 ხმით უსწრებს.

ამით მან აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები დააგროვა. ჯამში, ამჟამად ბაიდენს 273 ხმა აქვს, პრეზიდენტად არჩევისთვის კი 270 ხმა არის საჭირო. ბაიდენი ასევე ლიდერობს ნევადის, არიზონისა და ჯორჯიის შტატებშიც, სადაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.

საარჩვენო კოლეგიის წევრები მომავალ თვეს შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევენ.

დონალდ ტრამპს დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია. შტატებში, სადაც ბაიდენთან მცირე სხვაობით დამარცხდა, ის ხმების გადათვლას მოითხოვს.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები