აშშ-ს არჩევნები 2020

როდესაც ბაიდენი გამარჯვებულად გამოცხადდა, ტრამპი გოლფის მოედანზე იყო

Reuters

მაშინ, როდესაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოცხადდა, დონალდ ტრამპი ვირჯინიაში საკუთარ გოლფის მოედანზე იმყოფებოდა. ბაიდენის გამრჯვებულად გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა მისი განცხადება, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა:

"ყველამ ვიცით, რატომ ცდილობს ჯო ბაიდენი, არასწორად წარმოაჩინოს თავი გამარჯვებულად და რატომ ცდილობენ ასე მისი მედიამოკავშირეები დახმარებას: მათ არ სურთ, გამოაშკარავდეს სიმართლე. მარტივი ფაქტი კი ისაა, რომ არჩევნები დასრულებისგან ჯერ შორს არის". - ამბობს ტრამპი.

ის ასევე ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და იმ შტატებში, სადაც ბაიდენთან მცირე სხვაობით დამარცხდა, ხმების გადათვლას მოითხოვს.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა. პენსილვანიაში დათვლილია ხმების 99%, ბაიდენს 49.7% აქვს და ტრამპს 34 458 ხმით უსწრებს.

ამით მან აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები დააგროვა. ჯამში, ამჟამად ბაიდენს 273 ხმა აქვს, პრეზიდენტად არჩევისთვის კი 270 ხმა არის საჭირო. ბაიდენი ასევე ლიდერობს ნევადის, არიზონისა და ჯორჯიის შტატებშიც, სადაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.

საარჩვენო კოლეგიის წევრები მომავალ თვეს შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევენ.

დონალდ ტრამპს დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია. შტატებში, სადაც ბაიდენთან მცირე სხვაობით დამარცხდა, ის ხმების გადათვლას მოითხოვს.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

კომენტარები