აშშ-ს არჩევნები 2020

ობამა: ყველა ამერიკელს მოვუწოდებ, მისცენ ჯო ბაიდენს შანსი და მხარი დაუჭირონ

ჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადება მიულოცა:

"ამ არჩევნებში, რომელიც უპრეცედენტო პირობებში ჩატარდა, ამერიკელებმა ისე იაქტიურეს, როგორც არასდროს. როდესაც ყველა ხმა დაითვლება, პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისი ისტორიულ და გადამწყვეტ გამარჯვებას მოიპოვებენ.

ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჯოს აქვს ყველაფერი, რაც პრეზიდენტს სჭირდება და უკვე იქცევა შესაფერისად, რადგან, როდესაც ის იანვარში თეთრ სახლში შევა, მას დახვდება ისეთი გამოწვევები, რაც არცერთ პრეზიდენტს არ დახვედრია - პანდემია, უთანასწორო ეკონომიკური და სასამართლო სისტემა, დემოკრატია რისკის ქვეშ და კლიმატი საფრთხეში.

ვიცი, რომ ის საქმეს ყველა ამერიკელის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გააკეთებს, მიუხედავად იმისა, მისცეს თუ არა ხმა მათ. ამიტომ ყველა ამერიკელს მოვუწოდებ, მისცენ მას შანსი და მხარი დაუჭირონ. არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყანა კვლავ ღრმად და მწვავედ არის დაყოფილი. მხოლოდ ჯოს და კამალას საქმე არ იქნება, ყოველი ჩვენგანის საქმე იქნება, შევიტანოთ ჩვენი წვლილი, გავცდეთ კომფორტის ზონას, მოვუსმინოთ სხვებს, დავწიოთ ტემპერატურა და ვიპოვოთ ის, რაც საერთო გვაქვს, საიდანაც წინსვლას გავაგრძელებთ. გვახსოვდეს, რომ ერთი ერი ვართ ღმერთის მფარველობის ქვეშ.

ჩვენს დემოკრატიას ახლა ისე ვჭირდებით, როგორც არასდროს. მე და მიშელი მომავალ პრეზიდენტს და პირველ ლედის დავეხმარებით ყველაფრით, რაც ჩვენს ძალებშია".

ბაიდენს პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცეს კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმაც. მას ასევე მიულოცა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმაც, რომელიც 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

თავად ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს და ამბობს, რომ არჩევნები არ დასრულებულა. მისი გუნდი აცხადებს, რომ გადათვლას მოითხოვენ ყველა შტატში, სადაც ბაიდენმა ტრამპი მცირე სხვაობით დაამარცხა.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა. პენსილვანიაში დათვლილია ხმების 99%, ბაიდენს 49.7% აქვს და ტრამპს 34 458 ხმით უსწრებს.

ამით მან აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები დააგროვა. ჯამში, ამჟამად ბაიდენს 273 ხმა აქვს, პრეზიდენტად არჩევისთვის კი 270 ხმა არის საჭირო. ბაიდენი ასევე ლიდერობს ნევადის, არიზონისა და ჯორჯიის შტატებშიც, სადაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.

საარჩვენო კოლეგიის წევრები მომავალ თვეს შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევენ.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

კომენტარები