აშშ-ს არჩევნები 2020

კამალა ჰარისი: მე შეიძლება, ვიყო პირველი ქალი ამ ოფისში, მაგრამ არა უკანასკნელი

"მე შეიძლება, ვიყო პირველი ქალი ამ ოფისში, მაგრამ არა უკანასკნელი, რადგან ყველა პატარა გოგო, რომელიც ამ ღამეს უყურებს, ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა". – თქვა სიტყვით გამოსვლისას კამალა ჰარისმა, რომელიც აშშ-ს პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი გახდება.

ჰარისი პირველი ფერადკანიანი ვიცეპრეზიდენტი და პირველი აზიელ-ამერიკელი ვიცეპრეზიდენტია.

"ჩვენი ქვეყნის ბავშვებს, მათი სქესის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ მკაფიო მესიჯი გამოგიგზავნათ: იოცნებეთ ამბიციით და დაინახეთ საკუთარი თავი ისე, როგორსაც სხვები შეიძლება, ვერ გხედავდეთ, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ შეიძლება, ეს არასდროს ენახოთ. ჩვენ ყველა ნაბიჯზე ტაშს დაგიკრავთ". – ამბობს ჰარისი.

კამალა ჰარისი კალიფორნიაში დაიბადა ორი ემიგრანტის ოჯახში. მისი დედა ინდოეთიდან იყო, მამა კი იამაიკიდან. 55 წლის ჰარისი, ამ დრომდე, კალიფორნიის სენატორი იყო. ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან თავადაც იყრიდა კენჭს, თუმცა, მალევე ფინანსების ნაკლებობის გამო კამპანიას გამოეთიშა.

ცნობისთვის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა. პენსილვანიაში დათვლილია ხმების 99%, ბაიდენს 49.7% აქვს და ტრამპს 34 458 ხმით უსწრებს. ამით მან აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები დააგროვა.

საარჩევნო კოლეგიის წევრები მომავალ თვეს შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევენ.

კომენტარები