არჩევნები 2020

ცესკო: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მხარეს არ სურს გადათვლის პროცესის ჩატარება

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს 15 უბნის ხმების გადათვლა დაევალათ.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის 24 საარჩევნო უბნის შედეგია გადათვლილი.

"დღეს რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად საოლქო საარჩევნო კომისიებს დაევალათ 15 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რაც დღეს და ხვალ განხორციელდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ხსენებული საკითხის განხილვისას მიიღონ მონაწილეობა კომისიის სხდომებში." - წერია განცხადებაში.

ცესკოს განცხადების მიხედვით, კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, არაუმეტეს 2-ისა.

"ამასთანავე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ჩართულ მხარეს არ სურს გადათვლის პროცესის ჩატარება და შეგნებულად ხელს უშლის საოლქო საარჩევნო კომისიებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში. შესაბამისად, მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააფიქსირონ ასეთი შემთხვევები." - წერია განცხადებაში.  

ამ დროისთვის აქტივისტები და ოპოზიციის წევრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცესკოს შენობისკენ მიდიან. ნიკა მელიას თქმით, "ვერავინ შევა და გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები." 

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ და არჩევნების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე ლაპარაკობენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა. საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალოს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით მოითხოვს. ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე ლაპარაკობს ოპოზიცია – იხილით აქ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები