აქცია ცესკოსთან

ხოშტარია: მთავრობა ცრუობს, რომ ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, Twitter-ზე წერს, რომ მთავრობა იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ცრემლსადენი გაზი ცესკოს შენობასთან შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ არ გამოუყენებია.

"ახლა მთავრობა იტყუება, რომ ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ მაშინ, როდესაც ეს სურათები (და ადამიანები) აშკარად საწინააღმდეგოს ადასტურებენ!" - წერს ხოშტარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ პოლიციას არ გამოუყენებია გაზი - "სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად, კანონის დარღვევით გაუშვა. აქტივისტების წინააღმდეგ ჭავლის გამოყენებამდე ისინი არცერთხელ არ გაუფრთხილებიათ და არც დაშლისკენ მოუწოდებიათ. ასევე, თბითმხილველთა ინფორმაციით, გაუშვეს აირიც. შსს-ს განცხადების მიხედვით, "აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, გამოვიყენეთ პროპორციული ძალა."

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა, მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტმატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები