არჩევნები 2020

ცესკოსთან წყლის ჭავლით თვალი კიდევ ერთ ადამიანს – ტელეკომპანია პირველის ოპერატორს დაუზიანდა

Nika Nozadze/Facebook

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სპეცრაზმის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად თვალი კიდევ ერთ ადამიანს - ტელეკომპანია პირველის ოპერატორს დაუზიანდა. 

მანამდე, ჭავლის შედეგად დაზიანება მიიღო ზაზა გუგავამ.

ამ დროისთვის ცესკოს შენობასთან ოპოზიციის წევრები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მანამდე, სანამ აქციას ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტთა უმრავლესობა შეუერთდებოდა, სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუფრთხილებლად გამოიყენა. მათ აქტივისტები არც წინასწარ გაუფრთხილებიათ და მათთვის არც დაშლისკენ მოუწოდებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენება "გადაუდებელი აუცილებლობა" იყო. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი - როგორც კადრებში ჩანს, მას თვალი დაუზიანდა.

ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ სპეცრაზზმმა აირიც გამოიყენა - თუმცა ამას შსს არ ადასტურებს და დეზინფორმაციას უწოდებს.

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები