კორონავირუსი საქართველოში

IDFI: კომენდანტის საათის მანიფესტაციაზე გავრცელება გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს

ტაბულა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კორონავირუსთან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

"აქვე გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავრობის განმარტებას, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი. ზოგადად, კომენდანტის საათი სხვა არაფერია, თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 50% –ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაო აკრძალვა, არ არის წერტილოვანი ღონისძიება. ეს არის კომენდანტის საათი - "საგანგებო მდგომარეობის შესახებ", საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება. 

აღსანიშნავია, რომ დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაც ნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება.

თუ საქართველოს მთავრობა აპირებს, გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას". - წერია IDFI-ის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები