არჩევნები 2020

კალაძე: მადლობა მინდა, გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით

"მადლობა მინდა, გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს". – ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის პირველი კომენტარი ცესკოსთან გუშინდელი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შემდეგ.

"მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენ მხარდამჭერებს, ისე საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს, გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე". – ამბობს კახა კალაძე.

გუშინ, 8 ნოემბერს, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციამ სამი მოთხოვნა - ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, თამას ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება წამოაყენა და ამისთვის ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა.

მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მათ მხარდამჭერებთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმა სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

კომენტარები