არჩევნები 2020

შსს: წყლის ჭავლი კანონის დაცვით და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოვიყენეთ

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ზედმიწევნით დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი". – შსს, გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქტივისტების წყლის ჭავლით დარბევას ეხმაურება.

ამის შესახებ შსს-ს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

საბანაძის განმარტებით, აქციის მონაწილეების ქმედებას ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა, რის შედეგადაც დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და შსს-ს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები. 

"საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში. 

ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და შსს-ს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები. აქციის მონაწილეები პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად აგრძელებდნენ უკანონო ქმედებას, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც შსს-მ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ზედმიწევნით დაცვით გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი". – ამბობს საბანაძე. 

მისივე განმარტებით, წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აქციის მონაწილეებმა "კვლავ განაგრძეს ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა". 

საბანაძის ინფორმაციით, აქციაზე 14-მდე სამართალდამცავი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე აქციის მონაწილე დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც საბანაძე ამბობს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე 19 პირი დააკავეს.  

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან გუშინ, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს.
 

მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, დღეს, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე კვლავ შეიკრიბება. 

კომენტარები