არჩევნები 2020

ცესკოსთან აქციაზე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორიც დააკავეს

კოკა თოფურია
საქართველოს უნივერსიტეტი

8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლით დაარბია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურიაც დააკავეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. 

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას "საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" მუხლებით 19 მოქალაქეა დაკავებული. 

8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი, მასშტაბური აქცია გამართეს და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – 20:00 საათამდე უნდა გადამდგარიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, თამარ ჟვანია და ხელისუფლებას ოპოზიციასთან დაეწყო მოლაპარაკებები არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე.

ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებს ქართულმა ოცნებამ "აბსურდული" უწოდა, ხოლო მთავრობის მხრიდან არავინ გამოხმაურებია.

20:00 საათზე, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო.

მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებასვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

შსს-ს ცნობით, აქციაზე 14-მდე სამართალდამცავი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე აქციის მონაწილე დაშავდა. მათი ნაწილი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას "საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" მუხლებით 19 მოქალაქეა დაკავებული.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, დღეს, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე კვლავ შეიკრიბება.

კომენტარები