არჩევნები 2020

კაპანაძე: აქციაზე კომენდანტის გავრცელება ნიშნავს, რომ ივანიშვილის დეკრეტი კანონზე მაღლაა

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

დღეს 6 საათზე განახლდება მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტის წინ, ხოლო 3 მოთხოვნა რჩება უცვლელი – ხელახალი არჩევნების ჩატარება, თამარ ჟვანიას გადადგომა, ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და პოლიტმატიმრების განთავისუფლება. ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ისაუბრა.

კაპანაძე ამბობს, რომ შეზღუდვა, რომელსაც მმართველი გუნდი არ უწოდებს კომენდანტის საათს, რეალურად პოლიტიკური მიზნითაა შემოღებული და თუ ის გავრცელდა მშვიდობიან მანიფესტანტებზეც, ეს იქნება ივანიშვილის დეკრეტის კონსტიტუციაზე მაღლა დაყენება.

"6 საათზე პარლამენტთან განახლდება პროტესტი, დანარჩენ გეგმებზე უკვე იქ ვისაუბრებთ, რადგან როდესაც ასეთი ტიპის პროტესტი იგეგმება მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იქნას გახმოვანებული მომდევნო ნაბიჯების შესახებ.

ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი: ხელახალი არჩევნების ჩატარება, ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება და ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ახალი წესების მიღება. მესამე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება, ამას უკვე დაემატა გუშინ დაპატიმრებული ადამიანებიც, რომლებიც ასევე უკანონოდ არიან დაპატიმრებული.

რაც შეეხება შეზღუდვას, ეს შეზღუდვა, რომელსაც არ დაარქვეს კომენდანტის საათი, ეს არის რეალურად პოლიტიკური მიზნით შემოღებული შეზღუდვა და ვერაფრით ვერ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შეკრების უფლება, ამიტომ, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან მშვიდობიანი მანიფესტანტები და გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს.

თუ ამას გაავრცელებს, ეს ნიშნავს ივანიშვილისგან იმის თქმას, რომ მისი დეკრეტი დგას უფრო მაღლა, ვიდრე კონსტიტუცია, რაც არის აბსოლიტური სიგიჟე და ამ შემთხვევაშიც, ვიცით რა, ივანიშვილი რა მდგომარეობაშიც იმყოფება ეხლა". – ამბობს სერგი კაპანაძე.

დღეიდან, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იზღუდება, როგორც ქვეითების, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

______________________________________________________________________________________

8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი, მასშტაბური აქცია გამართეს და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – 20:00 საათამდე უნდა გადამდგარიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, თამარ ჟვანია და ხელისუფლებას ოპოზიციასთან დაეწყო მოლაპარაკებები არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე.

ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებს ქართულმა ოცნებამ "აბსურდული" უწოდა, ხოლო მთავრობის მხრიდან არავინ გამოხმაურებია.

20:00 საათზე, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო.

მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

შსს-ს ცნობით, აქციაზე 14-მდე სამართალდამცავი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე აქციის მონაწილე დაშავდა. მათი ნაწილი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას "საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" მუხლებით 19 მოქალაქეა დაკავებული.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

კომენტარები