არჩევნები 2020

ღია საზოგადოების ფონდი: ჟვანიამ, ან უზრუნველყოს ხმათა გადათვლა, ან დატოვოს თანამდებობა

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უზრუნველყოს ხმათა სამართლიანი გადათვლა ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა". – ღია საზოგადოების ფონდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და გუშინ ღამით ცესკოსთან მომხდარ დარბევას ეხმაურება.

ფონდში განმარტავენ, რომ გატარებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა და თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებამ გააჩინა რეალური პერსპექტივა, საკანონმდებლო ორგანო გამხდარიყო უფრო პლურალისტური და გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის.

ფონდში იზიარებენ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებებს და მიაჩნიათ, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ტენდენცია, რომ წაიშალა ზღვარი მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული რესურსი, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის და მათ თავისუფალ ნებაზე კონტროლის განხორციელების მცდელობებს, რამაც, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების და აღნიშნული არჩევნების შედეგად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობის საკითხი. მით უფრო, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ, საშუალებას წაართმევს საკანონმდებლო ორგანოს, სრულყოფილად განახორციელოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები". – წერია განცხადებაში.

ღია საზოგადოების ფონდში განმარტავენ, რომ ამის გათვალისწინებით, გუშინ, 8 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტის, ხოლო, მოგვიანებით, ცესკოს შენობის მიმდებარედ. ამ პროტესტის დროს, სამართალდამცავებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, შეკრება-მანიფესტაციის დაშლის სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, რამაც დაძაბულობის ესკალაციას შეუწყო ხელი და დაშავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

ფონდში მიაჩნიათ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და პროცესების ნორმალურ ვითარებაში დასაბრუნებლად, აუცილებელია:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა და სამართლიანი შედეგების გამოცხადება;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უზრუნველყოს ხმათა სამართლიანი გადათვლა ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა;
  • ხელისუფლებამ უზრუნველყოს პროცესის ნორმალიზება და მოლაპარაკებების გამართვა პოლიტიკურ სუბიექტებთან;
  • ხელისუფლებამ თავი შეიკავოს კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევისგან, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვისგან;
  • ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უზრუნველყონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების მშვიდობიანად განხორციელება, სიტუაციის დეესკალაცია და მოლაპარაკებების მეშვეობით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა;
  • მხარეებმა გამოიყენონ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლება.
  • საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორებმა კვლავ გასწიონ ძალისხმევა, რომ მათი მედიაციით წარიმართოს მოლაპარაკება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

"ვიმედოვნებთ, პოლიტიკოსები შეძლებენ, მოლაპარაკების მეშვეობით გადაწყვიტონ პრობლემური საკითხები და საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განუხრელ დაცვას". – წერია განცხადებაში.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

 

     

    კომენტარები