არჩევნები 2020

ბოკერია ვაშაძეზე: გაუგებარი განცხადებაა, ველოდებით პარტიისგან მკაფიო განმარტებას

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

"ველოდებით პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისაგან და მისი თავჯდომარისაგან მკაფიო განმარტებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში. 

ევროპული საქართველოს პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ მოგებული წაგებულად გამოაცხადოს არჩევნებში ამ მანიპულაციებისა და ნაბიჯების, დაშინებების და ზეწოლის შედეგად". – ამბობს ბოკერია.

გრიგოლ ვაშაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს საპროტესტო აქციებიდან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ვაშაძის განცხადებას ნიუპოსტი ავრცელებს. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ "ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით."

ამ დრომდე არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მიიჩნევდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას და, შესაბამისად, უარს ამბობდნენ საპარლამენტო მანდატებზე.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს სხვა ლიდერებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რათა მეტი სიცხადე შეიტანონ იმაში, თუ რას გულისხმობს პარტიის თავმჯდომარე.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები