აშშ-ს არჩევნები 2020

კრემლი ბაიდენს გამარჯვებულად ჯერ არ აღიარებს: "ველოდებით ოფიციალური შედეგების გამოცხადებას"

დმიტრი პესკოვი
Reuters

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი ჯო ბაიდენს აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტად ჯერ არ აღიარებს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი გზაა დაველოდოთ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებას". – უთხრა მან ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რატომ მიულოცა პუტინმა დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა 2016 წელს გამარჯვებულად გამოცხადებიდან 12 საათში, პესკოვმა უპასუხა:

"განსხვავება ნათელია. ახლა შედეგებზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ დიალოგის დამყარებას და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმებას აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტთან".

დონალდ ტრამპს დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია. ის ხმების გადათვლას ითხოვს ყველა შტატში, სადაც ბაიდენთან მცირე სხვაობით დამარცხდა. ამ დრომდე არ არის გამარჯვებული ცნობილი აშშ-ს 3 შტატში. ალიასკასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპი ლიდერობს, ჯორჯიაში კი ბაიდენი, თუმცა მას უკვე აქვს საარჩევნო კოლეგიაში საკმარისი ხმები იმისათვის, რომ დეკემბერში ოფიციალურად გამოცხადდეს გამარჯვებულად კოლეგიის მიერ.

ტრამპი კვლავ ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და სასამართლოს მიმართავს. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და ის კრისტოფერ მილერით ჩაანაცვლა. თანამდებობა დატოვა იუსტიციის დეპარტამენტის არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის განყოფილების ხელმძღვანელმაც. მან გადადგომის მიზეზად გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის მოთხოვნა დაასახელა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო დარღვევების გამოძიება უნდა დაეწყოთ ხმების დათვლის დასრულებამდე.

ბაიდენს უკვე მიულოცეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის, ავსტრალიის, ისრაელის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა. ბაიდენს გამარჯვება მიულოცა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმაც.

"ვულოცავ ამერიკელებს ახალი ლიდერების თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით არჩევას. ეს პრივილეგიაა, რომელიც ყველა ქვეყანას არ აქვს". – დაწერა მან.

კომენტარები